ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი




Geo | Eng | Rus

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განზრახვით, ფოკის მონასტერს განსაკუთრებული მისია დაეკისრა. როგორც პატრიარქი აღნიშნავს, მონასტერმა უნდა იტვირთოს მისიონერული ფუნქცია, შეასრულოს ხიდის როლი რეგიონში არსებულ გაუცხოვებასა და დანარჩენ საქართველოს შორის. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს განათლებასა და მოქალაქეობრივ თვითშეგნებას.

საგანმანათლებლო მიზნით მონასტერი ასრულებდა და ასრულებს რამდენიმე პროგრამას:

2000-იანი წლების დასაწყისში, ფოკის მონასტრები წარმოადგენდნენ ერთგვარ ბაზებს, სადაც ეწყობოდა თსუ სტუდენტთა ექსპედიციები, რომელთაც გარდა ფიზიკური შრომით დახმარებისა, საგანმანათლებლო დატვირთვაც ქონდათ. პირველად სწორედ მაშინ განისაზღვრა ლექციების, შეხვედრების, საუბრების, სტუმართა მოწვევის ერთგვარი ფორმატი და ტრადიცია, რომელიც დღესაც მოქმედებაშია. 2013 წელს დაიწყო სეზონური სკოლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა თემატურ კონცეფციაზე აგებული ლექციებისა და შეხვედრების ციკლის ჩატარებას წლის სეზონების მიხედვით. სასკოლო კამპუსის არარსებობის გამო დაგეგმილი შეხვედრები მხოლოდ შაბათ-კვირას იმართებოდა.

2013 წლის ზაფხულის განმავლობაში სულ ცხრა ამგვარი შეხვედრა განხორციელდა. შეხვედრათა ციკლი მოიცავდა ისეთ უმთავრეს საკითხებზე საუბარს, როგორიცაა ლიტერატურა, მუსიკა, ფილოსოფია, თანამედროვე ხელოვნება, ჟურნალისტიკა და მედია, კინოხელოვნება და ფოტოგრაფია, ისტორია. მოწვეულ ლექტორებს სხვადასხვა თემაზე წარმოადგენდნენ ზურაბ ქარუმიძე, ნანა ზარდიაშვილი, აკა მორჩილაძე, ზაზა შათირიშვილი, გოგა დევდარიანი, ანა ნიჟარაძე, თამარ კვესიტაძე, ნინო სანიკიძე, ზაზა ოსმანოვი. შეხვედრებში სხვადასხვა სასწავლებლის 15 სტუდენტი მონაწილეობდა.

ფოკის მონასტერთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლაც, სადაც ადგილობრივი სომხურენოვანი მოსახლეობისათვის ისწავლება ქართული და ინგლისური ენები, რაც დიდად ეხმარება მოზარდ თაობას როგორც სწავლის გაუმჯობესებაში, ასევე სკოლის დამამთავრებელი და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში.