ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი
1988 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა იმოგზაურა ჯავახეთში, მოინახულა სოფელი ფოკა, რომელიც დაკავშირებულია წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილთან და ამ მოვლენის აღსანიშნავად, წმ. ნინოს სახელზე აგებული მეთერთმეტე საუკუნის ბაზილიკის გვერდით პირადად შეიძინა სახლი, სადაც ჩაეწერა როგორც მაცხოვრებელი, რათა შეძლებოდა იმ დროისთვის დახურულ მხარეში ჩამოსვლა.
1989 წელს საქართველოს საპატრიარქოს სოფ. ფოკის შემოგარენში, ფარავნის ტბის პირას, გადაეცა 22 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც აშენდა ღია ტრაპეზი წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად და დაარსდა მამათა მონასტერი. ამავე წელს დაიწყო 40 დღიანი მომლოცველობის ტრადიცია წმ. ნინოს გზაზე ფოკიდან მცხეთამდე.
1992 წელს პატრიარქის სახლში გაიხსნა დედათა მონასტერი. მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა იღუმენია ელისაბედი (მესხიშვილი). მონასტერს მიეცა მისიონერული დატვირთვა, წლების მანძილზე წარმოადგენს ერთადერთ ქართულენოვან კუნძულს გაუცხოებულ გარემოში.
2000 წელს ფართოდ აღინიშნა ეკლესიის საიუბილეო წელი. ფოკაში დაიწყო თსუ სტუდენტების ყოველწლიური ექსპედიციები მონასტრის დახმარებისა და ჯავახეთის გაცნობის მიზნით.
2001 წლისთვის მონასტერი განთავსებულია ტაძრის გარშემო მდებარე რამდენიმე სახლში, იწყება სახლების რეკონსტრუქცია თანამედროვე არქიტექტურული პროექტების გამოყენებით და ჯავახური ტრადიციული ელემენტების გათვალისწინებით.
2002 წელს დედათა მონასტერი ხსნის მინანქრის სტუდიას, რითაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოში მინანქრის წარმოების აღორძინების საქმეში. წლების მანძილზე სტუდიის მიერ შეიქმნა როგორც ცნობილი და ღირსშესანიშნავი საეკლესიო ნაკეთობები, ასევე საერო საიუველირიო ნაწარმი.
2005 წელს მონასტერი აკეთებს ფოტოსახელოსნოს, მოგზაურობს საქართველოს სხვადსხვა მხარეში და გამოსცემს ფოტოალბომებს. საფუძველს უყრის ალბომების თანამედროვე ბიბლიოთეკას.
2010 წელს მრავალწლიანი შრომის, ექსპერიმენტის, ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილი ტრადიციების, ლიტერატურის, ფრანგული ტექნოლოგიისა და წარმოების გაცნობის შედეგად მონასტერმა მიიღო ევროპული ყაიდის ქართული ყველი, რომლის ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება. მონასტერი ამზადებს და ყიდის 16 სახეობის ყველს, მრავალგვარ საკონდიტრო ნაწარმსა და სხვა პროდუქციას. დღეისთვის მონასტერს ყავს 7 წევრი: იღუმენია, 5 მონაზონი და 1 მორჩილი. მონასტერი სტავროპიგიალურია და ექვემდებარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს.