ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი
დაარსების დღიდან მონასტერში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობასა და მეცხოველეობას. პირველი წლების განმავლობაში შრომის დიდი ნაწილი მოდიოდა ტრადიციული სასოფლო საქმიანობის ასათვისებლად, როგორიცაა მემარცვლეობა, მემინდვრეობა, ბოსტნისა და მცირე სათბურის მოწყობა, ძროხების მოვლა. რამდენიმე წლიანმა პრაქტიკამ ნათლად გამოაჩინა საქმიანობის ის პრიორიტეტები, რაც არსებულ პირობებში უფრო შედეგიანი და ხელმისაწვდომი გამოდგა.
სანთელი – სანთელს საქართველოს ყველა მონასტერში აკეთებენ. ამ ხელსაქმით მონასტერი განსაკუთრებულადაა დაკავებული და ამზადებს ვიზუალურად გამორჩეულ, ორიგინალურ, რამდენიმე სახისა და ზომის ხელნაკეთ სანთელს სხვადასხვა დანიშნულებისათვის.
მინანქარი – უკვე 10 წელზე მეტია რაც ფოკის მონასტერთან ფუნქციონირებს მინანქრის სტუდია. მისი ნაწარმი ფართოდაა გავრცელებული და გარდა სპეციალური შეკვეთისა, იყიდება თბილისში „ფოკანის“ მაღაზიაში. ყველი – მრავალწლიანი გამოცდილებისა და შრომის ფასად, მონასტერმა ადგილობრივი ტრადიციის, ბუნებრივი კლიმატის, ფრანგული გამოცდილებისა და ევროპული ყველის ტექნოლოგიის სინთეზის შედეგად შექმნა ყველის სრულიად გამორჩეული ნაირსახეობანი, რომელიც წარმოდგენილია მონასტერთან არსებულ მაღაზიაში.
საკონდიტრო ნაწარმი – ყველის სახეობების ათვისების შემდეგ მონასტერმა დაიწყო მრავალგვარი საფირმო საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ბიოგიურად სუფთა ნედლეულისა და მხოლოდ ორგანული ინგრედიენტების გამოყენებით.
კულინარია – ხანგრძლივი სამონასტრო ცხოვრებისა და მონასტრის წევრთა მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებით შეიქმნა ექსკლუზიური კერძების რამდენიმე ათეული სახეობა.
სკოლა – მონასტერს თავისი გამორჩეული წვლილი შეაქვს ადგილობრივი, მთლიანად არაქართული მოსახლეობის განათლების საქმეში. სკოლის მოსწავლეებს უტარდებათ დამატებით გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, ისტორიასა და ინგლისურ ენაში.
მეურნეობა – მონასტრის საქმიანობა მოიცავს ყველის საწარმოს, ათამდე ძროხის მოვლას, მცირე სათბურსა და ბოსტანს, კარტოფილის სავარგულებსა და სათიბს.