ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი




Geo | Eng | Rus

ჯავახეთი საქართველოს ისტორიული, გამორჩეული ლანდშაფტის მქონე მხარეა. ჯავახეთის ზეგანი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაშლილი მთიანი სივრცეა, რომლის ცენტრშიც ყველა მხრიდან მოჩანს დიდი აბულის მთა (3301 მ). ლანდშაფტის უნიკალურობას და განსხვავებულობას ქმნის ხმელეთის უტყეო საფარი, დიდი ვულკანური ლოდებით მოფენილი მინდვრები, რომელიც სეზონის მიხედვით იცვლის ფერებს, ხოლო ზამთარში კი თოვლის უსასრულო სითეთრით იფარება. საქართველოს ყველაზე ცივი მხარე, სადაც ზამთარში ტემპერატურა –25–მდე ეცემა, ხოლო ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეს 22 გრადუსს არ აღემატება. პირობითად ჯავახეთი ორ ნაწილად, ქვემო და ზემო ჯავახეთად იყოფა. ქვემო ჯავახეთს წარმოადგენს ისტორიული მესხეთის მომიჯნავე ტერიტორიები, ხოლო ზემო ჯავახეთს აბულის მთის გარშემო შემოსაზღვრული მიწები.საცხოვრისი და მეურნეობა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა ჯავახეთის საცხოვრებელი სახლების ფორმა, რომლებიც ნახევრადმიწურ ბანიან ნაგებობას წარმოადგენს ცენტრში სანათურით, შიგნით კი შინაური პირუტყვისა და ადამიანთა საცხოვრისის გატიხრულ სივრცეს. მსგავსი საცხოვრებელი ორგანულად ერწყმის ლანდშაფტს და ერთ მთიანობას ქმნის. ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე მოსახლეობამ სოფლის სტანდარტულ, ტუფის ქვისგან აშენებულ სახლებში გადაინაცვლა, ხოლო შემორჩენილ ძველ ნაგებობებს სამეურნეო დანიშნულებით იყენებს. ასევე კლიმატის გამო ადგილობრივი მეურნეობა მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა მარცვლეული კულტურები, კარტოფილის და კომბოსტოს მოყვანა.

არქეოლოგია და ძეგლები მიუხედავად მკაცრი ბუნებისა და ისტორიული ქარტეხილებისა, ჯავახეთი მდიდარ არქეოლოგიურ და არქიტექტურულ მხარედ გვევლინება, ციკლოპური ციხესიმაგრეებითა და ხელუხლებელი ყორღანებით დაწყებული და ქართული რენესანსის ხანის ბრწყინვალე არქიტექტურული საეკლესიო ნაგებობებით დასრულებული. ქვემო ჯავახეთში გვხვდება ისეთი ძეგლები, როგორიცაა ვარძია, ზემო ვარძია, ვანის ქვაბები, თავკვეთულას კომპლექსი, თმოგვის ციხე, ხერთვისის ციხე, წუნდა, ხიზაბავრა, ხოლო ზემო ჯავახეთის მნიშვნელოვანი ძეგლებია მცირე აბულისა და შაორის მთათა ციკლოპური ციხეები, ანტიკური ქარვასლის ნაშთები თავფარავანში, ფოკის, განძანისა და საღამოს ტაძრები, ბარალეთისა და ხოსპიოს ტაძრები, ჯავახეთის ცენტრალური ნაგებობა – კუმურდოს საკათედრო ტაძარი.

ისტორია და თანამედროვეობა წყაროებში ჯავახეთი (ზააბახა) პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე; იმხანად იგი მოიცავდა ჩილდირის ტბის დასავლეთ მხარეს (ახლანდელითურქეთის ტერიტორია). უძველესი დროიდანვე ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო ოყო (ცენტრი წუნდა). ისტორიული ჯავახეთი იყოფოდა: ზემო ჯავახეთად (ახალქალაქის ზეგანი) და ქვემო ჯავახეთად (მდინარე მტკვრის კანიონი მარცხენა სანაპიროთი).

XI საუკუნიდან ზემო ჯავახეთის ცენტრი გახდა ახალქალაქი. X საუკუნიდან ქვემო ჯავახეთის ცენტრი ხდება თმოგვი. საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების ხანაში (XI-XIII საუკუნეები) ჯავახეთიც აღმავლობის გზას დაადგა; აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები (დლივი, ღრტილა, ბოჟანო, ვარძია,ალასტანი). XII საუკუნიდან დომენს თორელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები განაგებდნენ. XIII საუკუნიდან ჯავახეთის ადმინისტრაციული საზღვრებში შედიოდა აგრეთვე პალაკაციო და სამცხის ნაწილი. XV საუკუნეში ჯავახეთისამცხე-საათაბაგოს სამთავროს ეკუთვნოდა. XVI საუკუნეში სამხრეთ საქათველოს სხვა ტერიორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში - ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილმა იძულებით ისლამი მიიღეს. XIX საუკუნის I ნახევარში ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადასახლებული რუსული მოსახლეობა — სექტანტი დუხობორები.

XIX საუკუნის პირველ მესამედში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამიერკავკასია მიიერთა, კიდევ უფრო გამწვავდა ურთიერთობა რუსეთსა და ირან-თურქეთს შორის. რუსეთის მთავარი ამოცანა იყო სამხრეთ საზღვრების საიმედო ჩაკეტვა. მთავრობის ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლებოდა ირანისა და თურქეთის საზღვრებთან ყველაზე ერთგული ხალხის დასახლებით, რომლებიც შეძლებდნენ არა მარტო სამხრეთის საზღვრების საიმედო დაცვას, არამედ სახელმწიფოს გაათავისუფლებდნენ იმ კოლოსალური ხარჯებისაგან, რომლებსაც იგი ახმარდა საზღვრების დამცველი ჯარის შესანახად.

1828 წელს თურქეთთან რუსეთის ჯარების წარმატებებმა მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი სამცხე-ჯავახეთში საიმედო ხალხის ჩამოსახლებაზე. გადაწყდა, თრიალეთსა და ჯავახეთში თურქეთიდან ქრისტიანი სომხებისა და ბერძნების ჩამოსახლება. 1829 წლის 3 დეკემბერს გენერალმა ივანე პასკევიჩმა შეადგინა გადმოსახლების განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც სამოქალაქო გუბერნატორი ზავილეისკი თავჯდომარეობდა. კომიტეტმა შეიმუშავა გადმოსახლების დებულება. კომიტეტის წინასწარი ანგარიშით ყარსის, ერზურუმისა და ბაიაზეთის ვილაიეთებიდან საქართველოში გადმოსახლდებოდა 8000 ოჯახი. მაგრამ გადმოსახლების დაწყების შემდეგ ოჯახთა ეს რაოდენობა 14000-მდე ავიდა. ცარიზმის პოლიტიკური მიზანი იყო საქართველოში ეთნიკური სიჭრელის შექმნა. რუსეთისადმი ქართველი ხალხის ერთგულება მეფის მთავრობას რატომღაც არ სწამდა. ამიტომ იყო, რომ უარი უთხრა იმერეთში გახიზნულ მესხ მოსახლეობას განთავისუფლებულ ტერიტორიაზე დასახლებაზე. ახალციხის აღებისთანავე პასკევიჩთან გამოცხადდნენ XVI-XVIIსს. მესხეთიდან გაქცეული ციციშვილების, ავალიშვილების, მუსხელიშვილების და სხვათა შთამომავლები. ქართველ,მეფეთა გაცემული სიგელები წარუდგინეს და მამაპაპისეული მამულების დაბრუნება სთხოვეს. პასკევიჩმა მათი თხოვნა არ შეიწყნარა და გარკვეული გულისწყრომაც გამოთქვა.

სადღეისოდ ჯავახეთის მოსახლეობა აღწერის მიხედვით 97 ათას ადამიანს შეადგენს, რომელთაგანაც 95 პროცენტი სომხური ეროვნებისაა, დანარჩენი კი ქართველი, რუსი და ბერძენია.