ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი




Geo | Eng | Rus

ფოკა - სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას. ზღვის დონიდან მდებარეობს 2080 მ-ზე, ნინოწმინდიდან დაშორებულია 28 კმ-ით, თბილისიდან კი 128 კმ-ით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2007 კაცი.

სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში მოქმედებს წმინდა ნინოს დედათა და მამათა მონასტრები. დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა და სამედიცინო კაბინეტი. მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო, რომელშიც ხატები და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები მზადდება.

1989 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ყოველ პირველ ივნისს აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე. ფოკაში ნინოობას საქართველოსწმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრება. ფარავნის ტბაში ტარდება ნათლობა. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები, რომელშიც წინა და ადრე შუა ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა.

1979 წელს ფოკაში აღმოჩნდა XIV საუკუნის, ილხანების ვერცხლის მონეტების განძი, შეიცავს 155 ვერცხლის დირჰემს. განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა თარიღდება 1310 წლით, უგვიანესი 1316 წლით. ფოკის განძი დაფლული უნდა იყოს 1317 წლის შემდეგ. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.